The Washington Post-ი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებაზე წერს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთი 2008 წლის ომისას ადამიანთა უფლებების მრავალი დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ The Washington Post-ი წერს.

ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე - „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზები განათავსა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მათ საქართველოს ტერიტორიად აღიარებს.

სტრასბურგის სასამათლომ დაადგინა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე და რომ ის ასევე პასუხისმგებელია ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალ ფაქტზე, მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე.

სასამართლომ რუსეთი იძულებით გადაადგილებულთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უკანონოდ ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

The Washington Post-ის, ცნობით რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ „რუსი სამხედროების პირდაპირი მონაწილეობა არ დასტურდება“.

„საქართველოს მთავრობა უკვე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას - პრერმიერ-მინისტრის თქმით, ევროპულმა სასამართლომ საქართველო ომის მსხვერპლად ცნო და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, - წერს გამოცემა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს.