„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის თარიღი ცნობილია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება.

ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ინიციატივა ნიკა მელიას მხარემ წარმოადგინა.

„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - „ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება თარიღს, კობა ნაყოფიას თქმით, ამასთან დაკავშირებით, თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი.

„ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება“, - აღნიშნა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.

კობა ნაყოფიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საზრუნავი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.