ბაიდენი ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა

შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებულ ღიაობას სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში მოცემულ ფუნდამენტურ პრინციპებზე.

„ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება გააგრძელოს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე, პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთისთვის მის მიერ ჩადენულ დანაშაულებსა და სისასტიკეებზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს, გვიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას, G7-ის მომავალი სამიტის წინ პოზიციების კოორდინირება მოახდინეს.