ავსტრიას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულება სურს

ავსტრია მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქცია იტვირთოს.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ მზად არის, გააგრძელოს დიალოგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.

პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც მათთვის ფუნდამენტურია.

„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, გვაქვს სპეციალური სტატუსი ევროკავშირში და სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება. თუმცა ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ჰუმანიტარული დერეფნების, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დანაშაულების ობიექტური გამოძიების შესახებ“, - განაცხადა კანცლერმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, კარლ ნეჰამერი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც პირადად შეხვდა პუტინს მიმდინარე მოვლენებზე განსახილველად. თუმცა, ამ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინის პოზიციაში არაფერი შეცვლილა.

ნეჰამერი ასევე ესაუბრა პუტინს, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლისა და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის დერეფნის საკითხი. თებერვლის შემდეგ, ავსტრიის ლიდერს რუსეთის ლიდერთან მხოლოდ ორჯერ ჰქონდა კომუნიკაცია.