ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა Europetime-თან ექსკლუზიურად განაცხადა.

„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც.

მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.

ფილიპ რიკერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებებზე აშშ-ის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა.

სენატორმა საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა.

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე.

„საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. 

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს.

12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.