ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცახდებით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ახალი წესით გამოცხადდება.

დღეს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა. 

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები განისაზღვრა. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კანონმდებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორისაა პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების შეფასება.

იცით, რომ ანაკლიის პროექტი ამ პროექტის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული და 2014 წელს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევაზე. უკვე ახალი კანონის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა. იდეინტიფიცირებისა და ინიცირების ეტაპები გავლილია და პროცესის დაჩქარება შეგვიძლია. ანუ შეგვიძლია კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაიწყოთ. ამისთვის საჭიროა შერჩევის პირობები მაღალ დონეზე იყოს მომზადებული”, - განაცახდა ეკონომიკის მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა ამ პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფები დაიქირაოს.

ეკონომიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ დიდი ინტერესია და მიმდინარე წელს მთავრობას აბუ-დაბიდან ინვესტორებთან ჰქონდა შეხვედრა, ასევე ჩანიშნულია შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების დელეგაციასთან.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.


ასევე წაიკითხეთ 

ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა