ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით

შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება.

„ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება.

ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს იმედი ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის, რადგან ეს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა.

საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.


შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება.

„ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას.

გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“.

ასევე წაიკითხეთ: