უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან მას „სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის ეშინია“.
„მე ვნახე ის (პუტინი) და დავინახე მისი მხრიდან სიცოცხლის სურვილი. მას ძალიან უყვარს ცხოვრება - ის გრძელი მაგიდის მიღმაც კი ზის... იმიტომ, რომ ეშინია COVID19-ის ან სხვა რამის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს არც პუტინს და არც რუსეთს, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პუტინმა თავისი რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, სექტემბრის ბოლოს გაამძაფრა, სამხრეთში უკრაინის კონტრშეტევის ფონზე.
„როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ეს ბლეფი არ არის“, - განაცხადა პუტინმა 21 სექტემბერს და ასევე გასცა ბრძანება ქვეყანაში მობილიზაციის შესახებ.
მალევე, რუსეთმა დაიწყო მასობრივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე. 10 ოქტომბრის შემდეგ მოსკოვმა ექვსი მასობრივი დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, დარტყმებმა შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება უკრაინისთვის. უკრაინაზე ბოლო ასეთი თავდასხმა მოხდა 5 დეკემბერს მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი.