ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია.
„ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭერს სამ ახალ სახელმწიფოს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც დაემატნენ გაფართოების პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა.
ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. გაფართოებას აქვს პირდაპირი ზეგავლენა ევროპის მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია ორი პირობის შესრულება.
ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს გაფართოების სანდო პერსპექტივა თითოეული ქვეყნისთვის. მეორე მხრივ კი ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ვალდებულება და იმოქმედონ რეფორმების გასატარებლად, დაიცვან ჩვენი ღირებულებები, თანხვედრაში იყვნენ ჩვენს პოლიტიკასთან( საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი) “, – განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.