2023 წელს მოლდოვას თავდაცვის ხარჯები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 650 მილიონი ლეით, ანუ დაახლოებით 68,2%-ით გაიზრდება - თანხები საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად იქნება მიმართული.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიიმ მოლდოვის ევროინტეგრაციის ფორუმზე განაცხადა.
„ეს თანხა გადაეცემა კრიტიკულ სექტორებს, რომლებიც გამოიკვეთა სამხედრო სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების გადახედვისას. ინვესტიციები მიმართული იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კერძოდ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა მინისტრმა.
მან განმარტა, რომ დღეს არსებული წინადადებების გათვალისწინებით - ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სარაკეტო თავდაცვის რადარზე - მოლდოვა ასეთი სისტემის შეძენას მხოლოდ წელიწადნახევარში შეძლებს.
მიმდინარე წელს მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე გაიზარდა 14,5 მილიონი ლეით, თანხის ნახევარზე მეტი პერსონალის ხარჯებზე განაწილდა.