გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის ასევ იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია", - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.