ევროპარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
უკრაინული მედიის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების შემზარავ მოვლენებს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 17-მა თავი შეიკავა.
მიღებული რეზოლუცია გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და პატივს სცემს მილიონობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ სტალინური რეჟიმის მიზანმიმართული ქმედებების შედეგად ხელოვნური შიმშილის მოწყობის შედეგად.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ცდილობს მის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციას, ძარცვავს მარცვლეულის საწყობებს და აფერხებს ექსპორტს.
მიღებული რეზოლუცია გადაეცემა უმაღლეს რადას, პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, ევროსაბჭოსა და კომისიას, წევრ ქვეყნებს, გაეროს, ეუთოს, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.
საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.