ვალერი ზალუჟნი: იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, დღეიდან მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება. სხვათა შორის, ეს საკმარისია ჩვენთვის, რადგან მელიტოპოლი გვაძლევს სახმელეთო დერეფნის სრულ საცეცხლე კონტროლს, მელიტოპოლიდან უკვე შეგვიძლია სროლა ყირიმის ისთმუსზე, იგივე HIMARS-ებით და ა.შ.“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა.

გენერალმა აღნიშნა, რომ წინსვლა დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე.

უკრაინული მედიის ცნობით, 10-11 დეკემბერს, უკრაინის არმიამ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლსა და მის სიახლოვეს, რუსი ოკუპანტების სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა.

მისივე თანახმად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 200 დაიჭრა.