ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში ვიზიტისას, შავი ზღვის კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს.

შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება.

„ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას.

გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“.

ასევე წაიკითხეთ: