ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანესმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
„მადლობა აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები იყო რუმინეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაციისა და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევის დასამარცხებლად”, - განაცვხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.
„პირველი არის წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით; მეორე - განვითარება ახალი გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი; მესამე -ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის - ენერგოეფექტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე, ეს შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებასა და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში.
ასევე, გვინდა წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით. გამოწვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებას გულისხმობს, ყველას გვეხება. უსაფრთხოება, კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონალურად და გლობალურად. ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია, როგორც წყაროების, ასევე მიწოდების არხების. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი ინიციატივა და მწვანე ენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან მომდინარეობს. წინ წამოვა ხელშესახები, ფლაგმანური ინიციატივები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში ხორციელდება.
მინდა მივესალმო დღევანდელ ცერემონიაზე ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მისი აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ ამ ინიციატივის მიმართ არის ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად, შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად.
ასევე, ველით რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს მიმართულებით, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია. ასევე, გაძლიერდება ვაჭრობა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ. ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისება და მედეგობის გაზრდას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევაა.
„ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ძალისხმევაა. ჩვენ შევამზადეთ ეკონომიკები ამ ზამთრისთვის, მაგრამ უკვე მომდევნო წელს უნდა გვქონდეს უსაფრთხო ალტერნატიული რესურსები და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გონივრული ტემპით ვიაროთ წინ ამ ახალი კაბელის მშენებლობის სფეროში“, - აცხადებს კლაუს იოჰანესი.