უკრაინის ვიცე-პრემიერი: პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის ეკონომიკური ჰაბი გახდეს

ვიცე პრემიერ-მინისტრი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მიიჩნევს, რომ პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის არამხოლოდ ლოგისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს.

 ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მუშავდება პოლონეთში, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან, ინვესტიციები განახორციელონ უკრაინის რეკონსტრუქციაში.

კერძოდ, საუბარია ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე.

„ყველას კარგად ესმის, რომ ევროპის ცენტრში არის უზარმაზარი ტერიტორიისა და პოტენციალის მქონე ქვეყანა. ამიტომ, ვთხოვთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ სადაზღვევო გარანტიები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იმუშაონ. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების სტიმულირებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ბიზნესი. ეს არის ძალიან რეალური პერსპექტივა", - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკი უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების უფრო ინტენსიური განვითარების მომხრეა.