იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ყოვლისმომცველი, ხუთწლიანი გეგმით, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო „პაციფისტურ იაპონიაში“, ქვეყანა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტით მესამე იქნება მსოფლიოში.
პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, რომელმაც ისტორიის გარდამტეხ მომენტზე მიუთითა, განაცხადა, რომ ეს არის პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელთა წინაშეც დგას იაპონია.
„ეს ახალი რეალობის წინაშე აყენებს იაპონიას. თუ გეგმა სათანადოდ განხორციელდება, თავდაცვის ძალები იქნება რეალურად, მსოფლიო დონის ეფექტიანი ძალა", - განაცხადა თავის მხრივ, საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა ადმირალმა იოჯი კოდამ.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის კანონის სერიოზული დარღვევა, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები“, - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში.
მისივე თანახმად, ჩინეთის მიერ გამოწვეული სტრატეგიული გამოწვევა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც იაპონა აწყდება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პეკინი არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ჩინეთზე, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე მიუთითებდა, შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობაა ჩადებული, რათა არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხეები თავიდან აიცილონ.