„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა.
ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის.
სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით“, - განუცხადა ჯოზეფ ბილბომ Europetime-ს.