უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ შემოთავაზებული გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ მსოფლიო ჩემპიონატმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ქვეყანასა და ერს შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ არის ყველაზე ძლიერი სამართლიან თამაშში, მაგრამ არა ცეცხლთან თამაშში. მწვანე სათამაშო მოედანზე და არა წითელ ბრძოლის ველზე. ეს არის ამდენი ადამიანის ოცნება!.. როცა მოთამაშეები იბრძვიან, რათა ყველა მშვიდობით დატკბეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.
მისივე თქმით, ომში ჩემპიონები არ არიან.
„ასე რომ, ვაცხადებ ინიციატივას მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის ზამთარში ჩატარების შესახებ. სამიტი, რომელიც მსოფლიოს ყველა ერს გლობალური მშვიდობის ირგვლივ გააერთიანებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ომები უნდა დასრულდეს და მშვიდობა გახდეს ჩემპიონი.