FIFA-მ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ჩვენებაზე, რომელზეც მშვიდობის ფორმულის შესახებ წინადადებით უნდა წარმდგარიყო. შესაბამისს ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ კატარმა მხარი დაუჭირა ამ იდეას, მაგრამ FIFA-მ დაბლოკა მიმართვა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ცივილური გზით დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და სიმდიდრე. ფეხბურთი ერთ-ერთი მათგანია.
„აჩვენეთ თქვენი ძალა მოედანზე და არა ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებთ, რომ ფიფას ესმის მისი მისია, ისევე როგორც ფეხბურთის და სპორტის მისია. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომა და აჩვენოს მიმართვა მშვიდობის მოწოდებით. მით უმეტეს, რომ ის მაინც გაკეთდება. ან საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ არენაზე, ან მსოფლიოს მილიონობით ადამიანის სმარტფონებში“, - ამბობს დავით არახამია.