საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.
- ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს
ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა.
„საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.