თეთრი სახლი: აშშ აკვირდება რუსეთის ძალების განლაგებას ბელორუსში

შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოსკოვისა და მინსკის ურთიერთქმედებას, უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ძალების განლაგებას.

„ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ ბელორუსის როლით რუსეთის აგრესიაში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსმა ხელი შეუწყო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, უზრუნველყო რუსეთის მხარდაჭერა და დაუშვა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენება რუსული ძალების განსათავსებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ძალების პოზიციების მჭიდროდ მონიტორინგს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და გავაგრძელებთ, მათ შორის ბელორუსში და ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინასთან, რადგან ისინი გაბედულად იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან“.