„საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს.
„როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს.
როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში.
სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის.
მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა Europetime-ს ალექსანდრე ვინიკოვმა.