იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.

„მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ისინი არიან დღეს არჩეულნი. ამ კანდიდატებში არიან კვალიფიციური, გამორჩეული გამოცდილებისა და ღირსეული კანდიდატები, შესაბამისად ის, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არ ნიშნავს და არ უსვამს ხაზს მათთან მიმართებით კვალიფიციურობის დეფიციტს ან გამოცდილების დეფიციტს.

თუმცა როდესაც ეს ადამიანები თავის დროზე კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ამ ადამიანებმა პარლამენტის ნდობა გაამართლეს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მათი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ აისახა შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.