ზელენსკი აშშ-ში ვიზიტზე: შინ კარგი ამბებით ვბრუნდები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შინ კარგი ამბებით ბრუნდება. ამის მაგალითად მან ბაიდენის განცხადება მოიყვანა, რომლის თანახმად, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტი მიეწოდება.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ოდენობა დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.

„მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის! შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი ინვესტიციის ყოველი დოლარი თავისუფლების დასაცავად ნიშნავს გლობალური უსაფრთხოების რეალურ და ხელშესახებ გაძლიერებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

უკვე გამოცხადებული პაკეტის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართმევთ ტერორის მთავარ ინსტრუმენტს - ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხალხზე თავდასხმის შესაძლებლობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების კოორდინაცია.

„დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველით მომავალი წლიდან და რისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის და ეს არის დიდი დახმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.