თურქეთი, ინფლაციის ფონზე, 2023 წელს მინიმალურ ხელფასს 55%-ით ზრდის

თვიური მინიმალური ხელფასი თურქეთში 2023 წელს 8506,80 ლირა (455 დოლარი) იქნება.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

„ეს ნიშნავს მინიმალური ხელფასის 55%-იან ზრდას ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით და 100%-ით იანვართან შედარებით“, - განაცხადა ერდოღანმა. 

მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს.

ბოლო თვეებში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა, მაგრამ ნელ-ნელა კლება დაიწყო.