საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციის მონაწილეებმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს.
ირაკლი ჩავლეიშვილი 2020 წლის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის პარტიული სიით იყო წარდგენილი. როდესაც ოპოზციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და საკანონდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადეს, ირაკლი ჩავლიშვილმა აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.