საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს, როგორც NATO-ს ალტერნატივას ვერ ხედავს.
მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ახალი არქიტექტურის პირობებში უნდა გავრცელდეს უკრაინასა და რუსეთზე, ისევე როგორც მეზობლებზე, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი.
- „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან (რუსეთთან, რედ)“.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“.
მაკრონმა ჯერ კიდევ კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ.
მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები.
მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.