ბაქოს აეროპორტში განგაში გამოცხადდა

Qantas Airways-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო, დღეს დილით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში განგაში გამოცხადდა.

APA-ს ცნობით, ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი.

ავიაკომპანია Qantas Airways-ის Airbus A380-მა, რომელიც სინგაპური-ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ტვირთის სათავსოში კვამლის გამო, ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა.

თვითმფრინავი ბაქოს დროით 07:08 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა.

ბაქოს აეროპორტში გამოცხადებულ განგაშთან დაკავშირებით, სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი.

ამ წუთებში მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება და ინციდენტის ყველა გარემოებისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭირო ღონისძიებების ორგანიზება.