ისრაელის დაზვერვის (მოსადის) დირექტორი დევიდ ბარნეა ამბობს, რომ ირანი, რუსეთში მოწინავე ტიპის იარაღის მიწოდების გასაფართოებლად ემზადება. მან თავისი გამოსვლის ცალკეული ნაწილი მიუძღვნა ირანის მცდელობებს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პოტენციალი.
„ჩვენ სხვადასხვა არხით ვიუწყებით ირანის განზრახვების შესახებ, გააფართოოს მისი ბირთვული პროექტი და ურანის გამდიდრება, ისევე როგორც ირანის რეჟიმის განზრახვა, გააძლიეროს თავდასხმები ისრაელის მეგობრულ ქვეყნებზე რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, 22 დეკემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა ლიკუდის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. ისრაელის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაძლიერების გამო, მათ შორის სირიის მიმართულებით.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.