ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: პროცესი თავიდან იწყება

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყოს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატის შესარჩევად, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

"როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, სპეციალისტებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს.

4 თვეა ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი და კანონგარეშე მდგომარეობა, რაც დიდ ზიანს აყენებს ევროინტეგრაციის იმ ეტაპს, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ. არალეგიტიმური და დემოკრატიულ სტანდარტთან შეუსაბამო საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ პირებს უფლებამოსილების ვადა მათი შემცვლელის არჩევამდე უხანგრძლივდებათ. ჯერ კიდევ აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურები არ წარუდგინა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის ხელოვნურად, კანონდარღვევით გაწელვით უპასუხა,“ - აცხადებს სიორიძე.