წარმომადგენელთა პალატა სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმეს დღეს გადასცემს

25 იანვარს სენატს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ბრალდებას წარუდგენენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, სასამართლო სწრაფად და სამართლიანად ჩაივლის.

2021 წლის 8 თებერვალს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის მეორე სასამართლო პროცესზე წარსდგება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დემოკრატი კონგრესმენები და რესპუბლიკელთა ნაწილი კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ადანაშაულებენ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი პირადად გადასცემს სენატს იმპიჩმენტის სტატიას, რის შემდეგაც მხარეებს პროცესისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე ექნებათ.

შუმერის თქმით, მოსამზადებელი პერიოდის დროს სენატი განიხილავს სხვა "მნიშვნელოვან" საკითხებს, როგორებიცაა: კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად ახალი ზომების მიღება და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კანდიდატების დამტკიცება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. იმპიჩმენტი არ არის საბოლოო განაჩენის გამოტანის მანიშნებელი, ის ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენების პირველი ნაბიჯია. 229 მომხრითა და 195 მოწინააღმდეგით წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.