„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს, ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა.
ამის შესახებ პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს.
ანა წითლიძემ ექიმებს, პარლამენტის აპარატსა და მეგობრებს, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან არ მქონდა იმის იმედი, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე, ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გვკვებოს. იმ სიძულვილის მორევში რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც სიძულვილი უნდა გაჩერდეს... ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, იმიტომ რომ სიძულვილი არის არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ",- თქვა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია.