ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომამ 42.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
2022 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 99 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 402 მილიონი ლარით იმატა.
„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა.
პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.15%, ხოლო ევროს წილმა 17.08% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.