ყირგიზეთი მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას და ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის მცირე ჰესების მშენებლობაში.
ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სააქციო საზოგადოება „ჩაკან ჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ნურლან სადიკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ყირგიზეთს აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალა, კარგი სამუშაო გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მდიდარი წყლის რესურსები ენერგეტიკის სექტორში.
სადიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბიშკეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ჰესების მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენ ვართ მთებისა და წყლის ქვეყანა. საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მობილიზებისთვის. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ყირგიზეთში მცირე ჰესების აშენება“, - განაცხადა სადიკოვმა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ყირგიზეთის მზადყოფნას გაუწიოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა უცხოელ ინვესტორებს.
ამასთან, ყირგიზეთი აჩქარებს ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ, რათა ელექტროენერგიის დეფიციტი 3 მილიარდი კილოვატ/საათი გადაფაროს.
ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩუის რაიონში ექსპლუატაციაში შევიდა „სოკულუკის“ ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადში საშუალოდ 11 მილიონ 895 ათას 756 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჯალალ-აბადის რეგიონში, გარდა Kambar-Ata-1 წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურისა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ 916,6 მილიონი დოლარი იქნება, ჩაეყრება საძირკველი ნარინის რეგიონში მდებარე კულანაკის ჰიდროელექტროსადგურს. ახალი ჰესის ღირებულება 124 მილიონი დოლარი იქნება და პროექტი ოთხ წელიწადში დაიწყება.
„რესპუბლიკაში მიმდინარეობს მცირე ჰესების დაპროექტება პაპანის, ორტო-ტოკოისა და ტორტ-კულის წყალსაცავებზე. კამბარატა ჰეს-2-ის მეორე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცახდა ნურლან სადიკოვმა.