ბელორუსის გომელის სასამართლომ ქალაქ სვეტლოგორსკის სამი მცხოვრები, რკინიგზის საბოტაჟის ბრალდებით გაასამართლა, მათ უკრაინის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეაფერხეს.
გამომძიებლების თქმით, 28 თებერვალს, ომის მეხუთე დღეს, ოლეგ მოლჩანოვმა, დიმიტრი რავიჩმა და დენის დიკუნმა ცეცხლი წაუკიდეს სარელეო კაბინეტს რკინიგზის ჟერდ-ოსტანკოვიჩის მონაკვეთზე, რომელიც უკრაინას უკავშირდება.
შედეგად გზის ამ მონაკვეთზე შუქნიშნები და ისრები დროებით გაითიშა.
ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის, ღალატის, კომუნიკაციების განზრახ დაზიანებასა და ექსტრემისტულ ფორმირებაში მონაწილეობის მუხლებით. სასამართლომ მოლჩანოვს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რავიჩს – 22 წლით, დიკუნს – 23.
გარდა ამისა, ისინი დააჯარიმეს და ჩხრეკისას აღმოჩენილი ქონება ჩამოართვეს.
„ზერკალოს“ ცნობით, ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი ბელორუსის რკინიგზაზე დივერსიის შემთხვევებზე. აქამდე მსგავს საქმეზე მაქსიმალური ვადა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში ბელორუსში განხორციელდა ათობით სარკინიგზო დივერსიული შეტევა რუსული სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესანელებლად.
მაისში, ალექსანდრ ლუკაშენკომ სასჯელი ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის (ამ მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს რკინიგზაზე დივერსიისთვის სჯიან) სიკვდილით დასჯამდე გაამკაცრა.
ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე მოლჩანოვი, რავიჩი და დიკუნი მოხვდნენ ბელორუსის ხელისუფლების მიერ შედგენილ „ტერორისტთა“ სიებში. უფლებადამცველებმა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს.