ვარშავის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ წელს საახალწლო ზეიმი არ გამართოს. რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას ვარშავა ასე გამოხატავს.
ვარშავის მოსახლეობას მოუწოდეს, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი არ გამოიყენონ, რადგან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებში, განსაკუთრებით ბავშვებში, ომის ასოციაცია არ გამოიწვიონ.
ინიციატივას მხარი დაუჭირა დედაქალაქის საკრებულომ.
ვარშავის მერიის პრესსპიკერმა მონიკა ბეუტმა განმარტა, რომ სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება უკვე ტრადიციად იქცა.
„პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება არ გვქონდა. ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია, თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ. ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოსთვის პოლონეთში უკრაინის 2,3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათგან 950 ათასზე მეტი ლტოლვილია. დეკემბერში უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა პოლონეთში 400 000-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ზაფხულში.