პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უფრო ცივილური პროცესები მოუხდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
- პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში
- სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია
„რასაც თვალყურს ვადევნებ, ჩემთვის მძიმე საყურებელია. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობის ხმა მიიღო.
ამის ერთადერთი მიზეზი, რაც მინდა, ვიფიქრო, არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო მოდელზე გადავედით, ფუნქციები გადანაწილდა და პრეზიდენტს ის ფუნქციები არ აქვს, რაც ადრე იყო. ალბათ, საჭირო არის დრო, რათა ეს ფუნქციები სწორად იყოს აღქმული. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირებზე.
ფაქტია, რომ პრეზიდენტზე გავლენის მცდელობაა, რადგან ორი სახის აქცია თუ კონტრაქცია იყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თვლიან, არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება, ემოციური განცხადება იყო. არ მინდა, პრეზიდენტის განცხადებაზე ვაკეთო განცხადება. გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის ეს ყველაფერი“, – განუცხადა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს.