მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფის. ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო.
სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, – წერს რატი ბრეგაძე.