საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - მარგველაშვილი

ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან.

„მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს.

შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.