საქართველოში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40% ბავშვები, ხოლო 60% მოზრდილები არიან. ამის შესახებ Europetime-ს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
ამასთან, ქაშიბაძემ მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 40% ბავშვები არიან, ხოლო 60% მოზრდილები. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სერიოზულად არავინ დაშავებულა.
მინდა კიდევ ერთხელ, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდო. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პიროტექნიკის გამოყენება იციან, თუმცა ყველაფერი სამწუხაროდ, სხეულის დაზიანებით მთავრდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვიყოთ ფრთხილად", - განუცხადა ქაშიბაძემ Europetime-ს.