„ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.
„ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ NDI-ის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებს. თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს.