2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, 2021 წელთან შედარებით, 26-ჯერ მეტი რუბლი გადარიცხეს

2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა, უცხოურ ბანკებში ანგარიშებზე 1,47 ტრილიონი რუბლი გადარიცხეს, რაც 26-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. [მაშინ რუსებმა ქვეყნიდან მხოლოდ 57 მილიარდი რუბლი გაიტანეს].

ამის შესახებ RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება.

მთლიანობაში, 2022 წელს რუსებმა ქვეყნიდან 2,5 ტრილიონ რუბლზე მეტი გაიტანეს.

ასე რომ, პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) მოქალაქეებმა უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხეს 543,4 მილიარდი რუბლი, მეორეში - 550,7 მილიარდი.

RBC წერს, რომ 2022 წლის სამი კვარტლის შედეგები რეკორდულია 2018 წლის შემდეგ. 

ამასთან, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადინებაზე შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს.

„ამ თანხების დაბრუნება რუსეთის საბანკო სისტემაში, რუბლებში, მოხდება მას შემდეგ, რაც გაიზრდება ნდობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფასების სტაბილურობის მიმართ,” - განაცხადა ნაბიულინამ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მრავალი სანქცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სექტორს ეხებოდა. საზღვარგარეთ ვალუტის გადინების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა დააწესა შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე რუსებისა და რუსული კომპანიებისთვის.

თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა მთლიანად აუკრძალა რუსებს ფულის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზე. მაისისთვის შეზღუდვა შემცირდა თვეში 50 000 დოლარამდე. ივლისიდან (ანუ მესამე კვარტალის დასაწყისიდან) თვეში მილიონ დოლარამდე გადარიცხვა გახდა შესაძლებელი.