თურქეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემა შეაჩერა.
რუსული მედიის ცნობით, 26 დეკემბრიდან თურქეთის სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შეექმნათ რუსებს, რომლებმაც შესაბამის უწყებებს ტურისტული ბინადრობის ნებართვის ასაღებად მიმართეს. ე. წ. ტურისტული ბინადრობის ნებართვა, ქვეყანაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩენის უფლებას იძლევა.
„მათთვის, ვინც აპირებდა განაცხადის გაკეთებას და გასაუბრებას უცხოელების ოფისში (OCA) შეხვედრა გაუქმდა, ხოლო ვინც მივიდა ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უარი უთხრეს“, - განუცხადეს მედიას რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა ფეთჰიეში, იზმირში და კასში ცხოვრობენ.
ბევრმა რუსეთის მოქალაქემ საცხოვრებლად თურქეთი აირჩია, სწორედ ტურისტული ბინადრობის ნებართვის მოპოვების სიმარტივის გამო.
მანამდე მათ ფაქტობრივად, მხოლოდ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული გრძელვადიანი კონტრაქტი (ექვსი თვიდან) სჭირდებოდათ საცხოვრებლის დასაქირავებლად.