უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, 2022 წლის შედეგები შეაჯამა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 2022 წლის შედეგები შეაჯამა.

ზალუჟნის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის დაახლოებით 40 000 კვადრატული კილომეტრი, 40% იმისა, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო. 

ამ დროისთვის ფრონტის ხაზი ხმელეთზე თითქმის ოთხი ათასი კილომეტრზეა გადაჭიმული და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 1500 კილომეტრზე.

გარდა ამისა, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს საბრძოლო ზონიდან 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია, ასევე ორი მილიონი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და განაწილება.

ზალუჟნის შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან 1300 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაასუფთავეს და ასევე გაანადგურეს 41 000 ასაფეთქებელი ნივთირება. 

ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც მათ მოახერხეს რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული უზარმაზარი ტერიტორიების განთავისუფლება.

კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონი, ნოემბერში კი უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.