უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოწურვის მცდელობის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე ოთხმოცზე მეტია. ეს რიცხვი შეიძლება,უახლოეს მომავალში გაიზარდოს, რადგან ამ კვირაში ღამეები შეიძლება, მშვიდი არ იყოს.
„ახლა ის დროა, როცა ცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „რუსეთის რეჟიმს სჭირდება რაღაცის დემონსტრირება, რათა გააგრძელონ ტყუილის ტირაჟირება, რომ ყველაფერი „გეგმის მიხედვით“ მიდის.
„ჩვენი ამოცანაა, უკრაინამ ყოველდღიურად მიაღწიოს წარმატებებს. თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებებს ტერორისტებსა და ტერორზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.