გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით, რუსული აქტივების კონფისკაციისთვის მზადაა - Bloomberg

გერმანია მზადაა, გამოიყენოს მილიარდობით ევროს მოცულობის გაყინული რუსული აქტივები, რათა უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს ხსენებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსგან აქტივების ჩამორთმევის შესახებ პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ დაუფიქსირებია.

„საკითხი კომპლექსურია და მმართველი კოალიციის წევრები სხვებთან შედარებით უფრო მტკიცენი არიან. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბურბოკი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. მისი აზრით, გაყინული ქონების კონფისკაცია, ამ გეგმის მხოლოდ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. თუმცა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია და შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, - წერს Bloomberg.

საერთო ჯამში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში დაახლოებით 311 მილიარდი დოლარია გაყინული (რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები). გერმანია კიევის სიდიდით მეორე ფინანსური მხარდამჭერია. პირველ ადგილზეა აშშ, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი.