2022 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, 151.4 პროცენტით მოიმატა და 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.1 პროცენტით 31.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ნოემბერში კვლავ მაღალი იყო და 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2-ჯერ მეტია. ნოემბერში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 206.4 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია ასევე სომხეთიდან 231.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც.
ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც (20.0%-ით). რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ნოემბერში რუსეთი (60.7%), ევროკავშირის ქვეყნები (18.4%) და აშშ (5.5%) წარმოადგენდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.1 პროცენტით 2.7858-დან 2.7282-მდე გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 1.7 პროცენტით საშუალოდ 2.7326-დან 2.7786-მდე გაუფასურდა.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ნოემბერში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა ლარს, სომხურ დრამს და რუსულ რუბლს, თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.