სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ

თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს.

ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს.  მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.