ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან 12 წლის ბიჭი და მისი მშობლები. ჭურვი მათ სახლს მოხვდა.
ქალაქ ხერსონში, გუბერნატორ იაროსლავ იანუშევიშის თქმით, რუსეთის არმიამ მეხანძრე-მაშველების ქვედანაყოფს 6 იანვარს დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მეხანძრე დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
მისი თქმით, ადგილობრივ მაშველებზე მეორე თავდასხმა მოხდა ორი დღის განმავლობაში.
იანუშევიშის თქმით, რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქი 58-ჯერ დაბომბა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
„უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.